რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყოველკვირეული მკვეთრი ვარდნის შემდეგ ნავთობის ბაზარი იხსნება

Shutterstock

ნავთობის ფიუჩერსები აზიური ვაჭრობისთვის დღეს, 3 მარტს გაიხსნა, მას შემდეგ, რაც Brent-ისა და აშშ-ის ნედლ ნავთობზე ფასები 13%-ით დაეცა. ბოლო ორი წლის მანძილზე, ეს ყველაზე მაღალი ფასის ყოველკვირეული ვარდნის მონაცემია. ამის მიზეზი კი, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვიდან ნავთობის უპრეცედენტო რაოდენობის ექსპორტზე გატანა გახდა.

Brent-ის ნავთობის ფიუჩერსი $1.01-ით, ანუ 1%-ით დაეცა და $103,38-მდე შემცირდა. WTI Crude-ის ფიუჩერსზე ფასი $0.84-ით, ანუ 0.9%-ით დაეცა და ბარელზე $98.43 შეადგინა.

ფიუჩერსი ფასიანი ქაღალდის, საქონლის, ან რაიმე აქტივის შესყიდვაზე წინასწარ გაფორმებული ხელშეკრულებაა, სადაც დაფიქსირებულია ზუსტი ფასი და შესყიდვის თარიღი. დაფიქსირებული ფასი იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მომავალში, შეძენის დროს აქტივის ღირებულება გაიზრდება ან პირიქით, შემცირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მაისიდან 6 თვის განმავლობაში, აშშ ექსპორტზე დღეში 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს გაიტანს, რაც მთლიანობაში 180 მილიონი ბარელია. 

პარასკევს, პირველ აპრილს, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს წევრმა ქვეყნებმა რიგგარეშე შეხვედრაზე ნავთობის მორიგი კოორდინირებული გამოშვების გადაწყვეტილება მიიღეს, იტყობინება იაპონიის ინდუსტრიის სამინისტრო.

რუსეთის უკრაინაში უკანონო შეჭრამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე ნავთობის მიწოდება შეაფერხა. მარტის თვეში ნავთობის ფასმა ბარელზე $140-მდე მიაღწია, რაც ბოლო 14 წლის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები