რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო – წითელი ჯვარი

Reuters

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, გუნდმა ვერ შეძლო ალყაში მოქცეულ ქალაქამდე ჩასვლა და, შესაბამიასდ,  მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაყვანა გადაიდო. მოქალაქეებისთვის უსაფრთხო მარშრუტების გახსნაზე შეთანხმება ვერ მიიღწა. 

"ოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები". - აღნიშნა წითელი ჯვრის ორგანიზაციამ. 

ორგანიზაცია ქალაქში შესვლას კვლავ შაბათს, ორი აპრილისთვის ეცდება. 

მანამდე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენელმა გეგმის დეტალები დააზუსტა:

  • ოპერაციაში ჩართულია 54 ავტობუსი.
  • წითელი ჯვრის გუნდს ჰუმანიტარული დახმარების შეტანის უფლება არ მისცეს, რის გამოც ისინი მარაგების გარეშე დარჩნენ.
  • ევაკუაციის მარშრუტის კონკრეტული მიმართულება ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გადაყვანა უკრაინის ტერიტორიაზევე მოხდება.

წითელი ჯვრის ვარაუდით, 100 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება ალყაში მოქცეულ საპორტო ქალაქში. ასევე, უკრაინის მინისტრის მოადგილემ, ალექსეი იარემენკომ თქვა, რომ უკვე 36 დღეა, რაც მარიუპოლს არ მიუღია სამედიცინო ან ჰუმანიტარული მარაგი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები