რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს – დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 1 ბავშვი

რუსმა ოკუპანტებმა გასულ ღამეს უკრაინაში, დონეცკის ოლქში რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათი რაოდენობა 22-ია. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.

ოკუპანტებმა იერიში დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკაზე, ქალაქ ვუჰლედარზე, ქალაქ კონსტანტინოვკასა და სოფელ მელეკინთან ახლოს მიიტანეს. რაც შეეხება მარიუპოლსა და ვოლნოვახას, კირილენკოს თქმით, ამ ქალაქებში დაშავებულებისა და გარდაცვლილების ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები