რუსული გაზის ევროპელ შემსყიდველებს ტრანზაქციების რუბლში განხორციელებისთვის კრემლმა ვადა პარასკევამდე, პირველ აპრილამდე დაუწესა.
მას შემდეგ, რაც ევროპის ქვეყნებმა ენერგორესურსების რუბლში გადახდაზე უარი თქვეს, საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტო დღეს, პირველ აპრილს, გამართავს საგანგებო შეხვედრას, რათა განიხილოს ნავთობის სტრატეგიული რეზერვების ახალი გამოშვება. აშშ გეგმის მიხედვით აპირებს გაზარდოს მიწოდება, რასაც საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების დაწევა მოჰყვება. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საწვავის ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა.
გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შოლცს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს ევროთი გადახდის გაგრძელება შეუძლიათ.
ასევე, ენერგორესურსების მთავარი მიმწოდებელი კომპანიის, გაზპრომის თქმით, მას შემდეგ, რაც გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც 1 აპრილიდან გაზი რუბლებში უნდა იყოს შეძენილი, დღევანდელი დღე პოტენციურად დატვირთული იქნება გაზის მიწოდებისთვის. გაზპრომი აგრძელებს ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად.
-
პუტინმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა
- პოლონეთი და სლოვენია გაზის საფასურის რუბლებში გადახდაზე უარს ამბობენ
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.