რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანიის ინფორმაციით, პუტინი გაზის საფასურის ევროში გადახდას დათანხმდა – DW

გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსეთისგან გარანტიები მიიღეს, რომ ევროპას რუსული გაზის მიწოდების სანაცვლოდ რუბლის გადახდა არ მოუწევს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ოფისის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა შოლცს უთხრა, რომ ევროპულ კომპანიებს ევროთი გადახდის გაგრძელება შეუძლიათ. 

შოლცთან სატელეფონო საუბარში პუტინმა თქვა, რომ თანხა ჯერ გაზპრომ ბანკში გადაირიცხება, შემდეგ კი რუსეთში - რუბლებში. გაზპრომ ბანკი, ამ დროისთვის, სანქცირებული არ არის. 

"შოლცი ამ პროცედურას საუბარში არ დათანხმდა, თუმცა მის უკეთ გასაგებად წერილობითი ინფორმაცია ითხოვა". - წერია განცხადებაში. 

23 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, "რომ არამეგობრულ ქვეყნებში" გაზი რუბლებში გაიყიდება მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნებში რუსული აქტივების გაყინვამ მოსკოვში მათდამი ნდობა შეამცირა.   

"ხელისუფლებას ვთხოვ, მისცეს გაზპრომს შესაბამისი დირექტივა მოქმედ კონტრაქტებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა შეასრულონ აუცილებელი ოპერაციები და უნდა შეიქმნას მათთვის გასაგები, გამჭვირვალე საგადასახადო პროცედურა, მათ შორის ჩვენს საფონდო ბირჟაზე რუსული რუბლის შეძენისას. ვთხოვ რუსეთის ბანკსა და ხელისუფლებას ერთი კვირის განმავლობაში განსაზღვრონ ასეთი ოპერაციების შესრულების წესრიგი". – თქვა ვლადიმირ პუტინმა. 

ფაქტობრივად, რუსეთმა პოლიტიკური პროცესები დააჩქარა. ამ ნაბიჯით, ევროპელ ლიდერებს მოუწევთ ენერგეტიკული პოლიტიკის სასწრაფო ცვლილება იმ შემთხვევაში, თუ მათ არ სურთ რუსული ვალუტის გამყარება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ 27 იანვრის მონაცემებით, გაზპრომის შემოსავლების 58% ევროს ვალუტაშია.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები