ყარაბაღის დაძაბულობის ფონზე, ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს შეხვდებიან

ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა, 2020 წლის 15 თებერვალი, მიუნხენი

ყარაბაღში ბოლო პერიოდის დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს 6 აპრილს, ბრიუსელში შეხვდებიან

ისინი შეხვდებიან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს. 

ორი ქვეყნის ლიდერი ისაუბრებს მთიანი ყარაბაღის გარშემო სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე. 

24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

26 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 

ამას მოჰყვა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადება, რომელშიც გამოთქმული იყო მწუხარება "რუსეთის ფედერაციის ცალმხრივი განცხადების გამო". ბაქომ მოსკოვს მოუწოდა ყარაბაღის სომხური უკანონო შეიარაღებული ჯგუფებისგან დაცლისკენ, რაც, როგორც ამბობენ, სამმხრივი განცხადებით ნაკისრი ვალდებულებაა. ასევე, აზერბაიჯანმა აღნიშნა, რომ მათ ტერიტორიაზე არ არსებობს ერთეული სახელად "მთიანი ყარაბაღი" და ეს გამოთქმა არ უნდა იყოს გამოყენებული. შეასწორეს რუსეთის მიერ "ფურუხად" მოხსენიებული სოფელიც და აღნიშნეს, რომ ამ სოფელს ფარუხი ჰქვია. 

მხარეებმა განცხადებები მომდევნო დღესაც გაცვალეს

ვრცლად ყარაბაღის ამჟამინდელი დაძაბულობის შესახებ წაიკითხეთ აქ – ომი უკრაინაში და ყარაბაღის დაძაბულობა – როგორ სინჯავს ბაქო სამოქმედო ნიადაგს.

კომენტარები