რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: მომდევნო დღეებში, კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი

უკრაინელი გვარდიელი კიევში, 2022 წლის 25 თებერვალი
Reuters

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, მომდევნო დღეებში უკრაინის დედაქალაქის, კიევის გარეუბნებში მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. 

ბრიტანეთის დაზვერვის 31 მარტის განახლებებში წერია:

  • მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა, ჩერნიგოვის გარშემო სამხედრო აქტიურობა შეემცირებინათ, გრძელდება სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვები;
  • რუსული ძალები აგრძელებენ პოზიციების შენარჩუნებას კიევის აღმოსავლეთითა და დასავლეთით, ჯარების მცირე რიცხვის გაყვანის მიუხედავად. სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში ქალაქის გარეუბნებში მძიმე შეტაკებები მოხდება;
  • მარიუპოლში, რომელიც რუსეთის ძალების მთავარი მიზანია, მძმე ბრძოლები გრძელდება, თუმცა უკრაინის ძალები ქალაქის ცენტრზე კონტროლს ინარჩუნებენ.

29 მარტს, სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რუსეთმა კიევისა და ჩერნიგოვი მიმართულებით "საომარი მოქმედებების მკვეთრი შემცირება" გადაწყვიტა, რათა, მათი მტკიცებით, ხელი შეუწყონ უკრაინასთან შეთანხმებაზე საუბარს.

პენტაგონში ამბობენ, რომ ეს არის პოზიციების ცვლა და არა ჯარების რეალური გაყვანა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები