რუსეთი

პესკოვი: თუ EU ბუნებრივ აირში რუბლების გადახდაზე უარს იტყვის, გაზს უფასოდ არ მივაწვდით

დმიტრი პესკოვი

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა რუსულ მედია ინტერფაქსთან საუბარში თქვა, რომ თუ ევროკავშირი ბუნებრივი აირის საფასურს რუბლებში არ გადაიხდის, მათთვის გაზის უფასოდ მიწოდებას არ აპირებენ. 

ინტერფაქსის ჟურნალისტმა პესკოვს დაუსვა კითხვა, თუ რას იზამს რუსეთი, თუ ევროპა გაზის სანაცვლოდ რუბლების გადახდაზე უარს იტყვის. 

"საკითხებს გადავჭრით მაშინ, როცა ისინი გაჩნდება". – უპასუხა პესკოვმა. 

ასევე, პესკოვს ჰკითხეს, ასეთ ვითარებაში, იქნება თუ არა შესაძლებელი გაზის მიწოდებაზე უარის თქმა. 

"გაზს უფასოდ რომ არ მივაწვდით, ეს ცალსახაა. ამის თქმა აბსოლუტური დარწმუნებით შეიძლება. ჩვენს სიტუაციაში ევროპული ქველმოქმედებით დაკავება ნაკლებადაა შესაძლებელი და მიზანშეწონილი". – უპასუხა პესკოვმა. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის რამდენიმე დღის წინანდელი ინიციატივით, რუსეთის "არამეგობრულ ქვეყნებს" ბუნებრივ აირს მხოლოდ რუბლში მიყიდიან.

კომენტარები