რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსი ოლიგარქი დერიპასკა: ყველა მხარე ემზადება ხანგრძლივი ომისთვის

27 მარტს რუსმა ოლიგარქმა, ოლეგ დერიპასკამ თქვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამოსვლა ვარშავაში მიუთითებს, რომ მიმდინარეობს  "ჯოჯოხეთური იდეოლოგიური მობილიზაცია", რაც უკრაინაში ხანგრძლივ კონფლიქტს გამოიწვევს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

დერიპასკა მსოფლიოში მეორე, რუსული ალუმინის კომპანიის, Rusal-ის დამფუძნებელია. მანამდე ის ომის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდა და თქვა, რომ ომი უკრაინაში არის "სიგიჟე", რაც მომავალი თაობის სირცხვილი იქნება.

დერიპასკამ, რომელიც შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის მიერ არის სანქცირებული, თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმაც და რუსეთმაც გაამკაცრეს რიტორიკა.

რუსი ოლიგარქის თქმით, კონფლიქტი კვირების წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბაიდენის გამოსვლამ, რომელშიც აშშ-ს პრეზიდენტმა ისაუბრა დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის უფრო ფართო კონფლიქტზე, ნიშნავდა, რომ ომი უფრო დიდი ხანი გაგრძელდება.

26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და თქვა – "ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში".

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები