რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: მარიუპოლიდან 2 000-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს რუსეთში, იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა

Chris McGrath/Getty Images

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლიდან 2 000-ზე მეტი ბავშვი რუსეთში გადაიყვანეს. მისივე თქმით, მოსახლეობის საჭირო პროდუქტით მომარაგება ვერ ხერხდება და ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

"ქალაქი ბლოკირებულია რუსი სამხედროების მიერ. მარიუპოლის ყველა შესასვლელი და გასასვლელი ჩაკეტილია. პორტი დანაღმულია. ქალაქის შიგნით ცალსახად ჰუმანიტარული კატასტროფაა, რადგან შეუძლებელია მათთვის საკვების, წამლებისა და წყლის მიწოდება. რუსი სამხედროები ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს ბომბავენ, მძღოლები იხოცებიან.

ჩემი ინფორმაციით, 2 000-ზე მეტი ბავშვი გადაიყვანეს რუსეთში. ეს გატაცებაა. მათი ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია. ისინი შეიძლება იყვნენ მშობლებთან ერთად, ან მათ გარეშე". – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ქალაქის ქუჩები სავსეა დაღუპული ოკუპანტებისა და უკრაინელების გვამებით

"ქალაქში გზის ნაპირებზე დაღუპული რუსი ჯარისკაცებისა და უკრაინის მოქალაქეების გვამები ყრია. ისინი არავის მიჰყავს". – თქვა ზელენსკიმ.

მარიუპოლი რუსული სამხედრო ძალების ალყაშია. ქალაქიდან მოსახლეობის დიდი ნაწილის ევაკუაცია ვერ ხერხდება.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები