რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

წითელი ჯვარი: ჩვენ არასდროს მივიღებთ მონაწილეობას მოსახლეობის იძულებით ევაკუაციაში

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) კატეგორიულად უარყო ცნობები დონის როსტოვში ჰუმანიტარული პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით. 

"ჩვენ არასდროს მივიღებთ მონაწილეობას მოსახლეობის იძულებით ევაკუაციასა და დეპორტაციაში. ეს ასეა უკრაინაშიც და ასეა ყველგან, სადაც წითელი ჯვარი ფუნქციონირებს. ჩვენ არ დავუჭერთ მხარს არცერთ ისეთ ოპერაციას, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხის ნებას". - წერს წითელი ჯვარი. 

განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა ICRC-ის ხელმძღვანელი, პიტერ მაურერი დაანაშაულა დონის როსტოვში პუნქტის გახსნაში, რომელიც ერთგვარად ლეგიტიმაციას აძლევდა უკრაინელთა უკანონო დეპორტაციას. 

წითელი ჯვრის თქმით, მათ არ აქვთ ოფისი როსტოვში, თუმცა აძლირებენ რეგიონში მუშაობას, რათა ყველგან შეძლონ ადამიანების დახმარება. 

გუშინ, 26 მარტს, ირინა ვერეშჩუკმა რუსეთი დაადანაშაულა "კვაზი-ჰუმანიტარული კორიდორების" შექმნასა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან 40 000-მდე მოქალაქის იძულებით დეპორტაციაში. უკრაინის რეგიონული ოფიციალური პირების თქმით, რუსი სამხედროები ასევე აკავებენ ავტობუსის კოლონებს, რომლებიც უკრაინის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას ცდილობენ, ამას ისინი "ზეწოლის კამპანიას" უწოდებენ.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები