რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლვოვში დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა

Nariman El-Mofty/AP

რუსულმა სამხედრო ძალებმა უკრაინის ქალაქ ლვოვის მიმდებარე ტერიტორია დაბომბეს. ლვოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაკსიმ კოზიცკის თქმით, ქალაქში სამი ძლიერი აფეთქება მოხდა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაშავდა. 

ლვოვის მერმა, ანდრეი სადოვიიმ მოქალაქეებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ, შესაძლოა, თავდასხმა კიდევ განმეორდეს.

ამჟამად არ დასტურდება ინფორმაცია დაბომბვის შედეგად საცხოვრებელი კორპუსების ან სხვა სოციალური ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ.

ქალაქი ლვოვი უკრაინის დასავლეთით, პოლონეთის საზღვართან არსებული ქალაქია, სადაც ათასობით ლტოლვილი ქვეყნის დატოვების მიზნით ჩადის.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები