რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული სამთავრობო მედია: სერგეი შოიგუმ დღეს, 26 მარტს ოფიციალური შეხვედრა გამართა

სერგეი შოიგუ და ვლადიმირ პუტინი

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შაბათს, 26 მარტს ოფიციალური შეხვედრა გამართა, იტყობინება რუსული სამთავრობო მედია უკრაინაში მიმდინარე ომის დროს მის ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ფონზე.

სამთავრობო სააგენტოს ცნობით, შოიგუ შეხვდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჯარისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად. 

"იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, დასახულ გეგმას ზუსტად მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო დაფინანსება 15%-ით მეტია, რა თქმა უნდა, ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ იმას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს". - ამბობს სერგეი შოიგუ კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, შოიგუ ამტკიცებდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების მიუხედავად, სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების დონე 85%-ია. საერთაშორისო დამკვირვებლები სკეპტიკურად უყურებენ იმ მოცემულობას, რომ რუსეთს შეუძლია გააგრძელოს მაღალტექნოლოგიური იარაღის წარმოება მკაცრი საერთაშორისო სანქციების ფონზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთისთვის გარკვეული ტექნოლოგიების შესყიდვა შეზღუდულია.

სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც შეეხო უკრაინაში მებრძოლ რუს ჯარისკაცებს.

"ამ ცვლილების მიხედვით, უკრაინის სპეცოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცები იძენენ სამხედრო ვეტერანის სტატუსს. სოციალური ბენეფიტები გავრცელდება მათი ოჯახის წევრებზეც". - ამბობს იგი.

სერგეი შოიგუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ თავის ტელეგრამ არხზე გაავრცელა. მისი თქმით, სერგეი შოიგუ მარტის შუა რუცხვებიდან არ ჩანს, რადგან ინფარქტი დაემართა და რეაბილიტაციას გადის. ინფარქტის მიზეზად კი, პუტინისგან მიღებული საყვედური დაასახელა. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები