რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ერდოღანის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე რუსეთთან შეთანხმება არ არსებობს

REUTERS / Murad Sezer

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ამბობს, რომ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ ნახსენებ 4 პუნქტზე შეთანხმება არ არსებობს. 

"თურქეთის პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ოთხ პუნქტზე რუსეთთან კონსენსუსი არ არსებობს. კერძოდ, უკრაინული არის და იქნება ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინაში. ზოგადად, არასწორია მოლაპარაკების ძირითადი თემების ოთხ ან მეტ რიცხვად დაყოფა". - ამბობს ის. 

მანამდე, ერდოღანმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

"როგორც ჩენთვის ცნობილია, NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე შეთანხმება მიღწეულია. თუმცა, ისევ არსებობს ყირიმისა და დონბასის საკითხი, რაზეც უკრაინის დათანხმება შეუძლებელია". - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. 

ერდოღანმა აღნიშნა, რომ პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებები გრძელდება. "მთელი ჩვენი ძალისხმევა მიზნად ისახავს მშვიდობის ატმოსფეროს შექმნას ორი ლიდერის გასაერთიანებლად". 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები