რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ერდოღანი: თურქეთის პოზიცია რუსული S-400-ების შესყიდვის თაობაზე უცვლელია

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის პოზიცია რუსული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის თაობაზე უცვლელია და ეს დასრულებული საქმეა. მან განმარტა, რომ მოლაპარაკებები ვაშინგტონთან ახალი F-16 თვითმფრინავების შესახებ კარგად მიმდინარეობს.

2020 წლის დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა NATO-ს წევრს, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიას S-400-ის გამო და გამორიცხა ანკარა F-35 პროგრამიდან. ანკარა ამ ნაბიჯებს უსამართლოდ მიიჩნევს.

ერდოღანმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ  მოლაპარაკებები ვაშინგტონთან ახალი F-16 თვითმფრინავებისა და მოდერნიზებული კომპლექტების შეძენაზე მალე გამოიღებს შედეგს.

ერდოღანმა სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად განიხილა SAMP-T სარაკეტო თავდაცვის სისტემების შეძენის შესაძლებლობა.

ამას გარდა, ერდოღანმა უარყო ინფორმაცია, რომ აშშ-მ თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზა უკრაინისთვის S-400-ების სისტემის გადაცემა, რასაც Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები