საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები

ლავროვი: რუსეთი ხელს შეუწყობს აფხაზეთის ურთიერთობას დონეცკთან და ლუგანსკთან

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი ხელს შეუწყობს დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ურთიერთობის განვითარებას. ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში აფხაზეთის მარიონეტი ლიდერის ასლან ბჟანიას ვიზიტის დროს ისაუბრა.

"შევაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება დსრ-სა და ლსრ-ს აღიარებასთან დაკავშირებით. აქტიურად შევუწყობთ ხელს ამ ახალ სახელმწიფოებთან კონტაქტის განვითარებაში. მიმაჩნია, რომ ზოგადად ეს ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ჩვენს საერთო გეოპოლიტიკურ სივრცეში". – თქვა ლავროვმა. 

აფხაზეთის მარიონეტულმა რეჟიმმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 26 თებერვალს აღიარა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები