უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, კიევის გარშემო ტერიტორიებზე კონტროლს იბრუნებენ. მათ შორის, მუშაობას ანახლებენ ირპენის გარეუბანში, რომლის დიდი ნაწილიც რუსეთის ძალების მიერ იყო ოკუპირებული.
"პოლიცია ირპენში მუშაობას განაახლებს! კიევის ოლქის პოლიციის სპეციალური პოლკის ჯარისკაცები მზად არიან, ქალაქში თავიანთი ფუნქციები შეასრულონ. ამჟამად მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება დივერსანტებისგან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა ირპენის მოსახლეობის დახმარება და ევაკუაცია". - თქვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, იგორ კლიმენკომ.
ირპენში, რომელიც კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ინტენსიური ბრძოლა და დაბომბვა მიმდინარეობდა.
"სპეციალური ძალები მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის სამხედროებთან და ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობის აღდგენას უწყობენ ხელს". - თქვა უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





