ალექსეი ნავალნი

ნავალნის 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს – ის სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის

ალექსეი ნავალნი
Reuters

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის რუსეთის სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა და ჯარიმის სახით, 1.2 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავალნის გუნდი ავრცელებს.

სასამართლომ ოპოზიციონერი მსხვილი მასშტაბის თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.

"მადლიერი ვარ მხარდაჭერისთვის და ხალხო, მინდა რომ ეს ვთქვა: საუკეთესო მხარდაჭერა ჩემთვის და სხვა პოლიტიკური პატიმრებისთვის არ არის კეთილი სიტყვები, არამედ ქმედება. ნებისმიერი აქტივობა მატყუარა და ქურდი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

2013 წელს, ჩემი პირველი განაჩენის მოსმენის შემდეგ დავწერე და ახლაც გავიმეორებ: არ იუსაქმუროთ. გომბეშო, რომელიც ნავთობის მილზე ზის, თავის თავს არ გადააგდებს", - წერს დაპატიმრებული ოპოზიციონერი.

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ორი ახალი საქმის განხილვა 15 თებერვალს დაიწყო. ნავალნის თაღლითობსა და სასამართლოს უპატივცემულობაში ადანაშაულებენ. სასამართლო პროცესი პოკროვის კოლონიაში მიმდინარეობდა, სადაც ოპოზიციონერი "ივ როშეს" საქმეზე სასჯელს იხდის.

თაღლითობის მუხლით ნავალნის წინააღმდეგ საგამოძიებო კომიტეტმა ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში აღძრა. გამოძიების ვერსიით, ნავალნიმ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა 356 მილიონი რუბლი, რომლებიც მისი ორგანიზაციისთვის, ანტიკორუფციული ფონდისთვის შემოწირულობებით შეგროვდა.

პროცესის დაწყების წინა დღეს ფონდის ყოფილმა დირექტორმა, ივან ჟდანოვმა დამატებით განმარტა წარდგენილი ბრალდებები. თაღლითობის მუხლით აღძრული საქმე ოთხ კონკრეტულ შემომწირველთან არის დაკავშირებული. ნავალნის მომხრეების აზრით, მათგან ორი არ არის რეალური შემომწირველი, ხოლო დანარჩენი ორი ნამდვილი შემომწირველია, რომლებმაც ნავალნი საწყინააღმდეგო ჩვენება ზეწოლის შემდეგ მისცეს. გამოძების მიხედვით, ამ ოთხმა ადამიანმა ნავალნის ფონდს 2 693 503 რუბლი შესწირა.

სასამართლოს უპატივცემულობის ორი ეპიზოდი დაკავშირებულია პროცესთან, რომელიც ნავალნის წინააღმდეგ 2021 წლის იანვარში დაიწყო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, იგნატ არტემენკოსთვის ცილისწამების საქმეზე. ჟდანოვის განმარტებით, ეს ეპიზოდები დაკავშირებულია სასამართლოს დროს ნავალნის ნათქვამი 104 ფრაზასთან. გამომძიებლებმა მიიჩნიეს, რომ ნავალნიმ შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლებს და პროცესის სხვა მონაწილეებს.

თაღლითობის საქმეზე ნავალნის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა სასჯელის შეკრებითობის პრინციპით ის შეიძლება 15 წლით დააპატიმრონ. ჯერჯერობით უცნობია, რა პრინციპით გამოიტანს სასამართლო განაჩენს. გასულ წელს ალექსეი ნავალნი ამბობდა, რომ ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის ყველა საქმის გათვალისწინებით, მას 2051 წლის გაზაფხულზე გაათავისუფლებენ.


ალექსეი ნავალნი პროკოვის კოლონიაში "ივ როშეს" საქმეზე იხდის სასჯელს. მას 2021 წლის 2 თებერვალს სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია.

"ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. სხვადასხვა დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია.

რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. პოლიტიკოსი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.

კომენტარები