რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაქსიმ გალკინს და ლია ახეჯაკოვას შესაძლოა სახელმწიფო ჯილდოები და წოდებები ჩამოართვან

Befunky

რუს მსახიობ ლია ახეჯაკოვას და კომიკოს მაქსიმ გალკინს შესაძლოა სახალხო არტისტების წოდება ჩამოერთვათ. ინიციატივით დუმაში ფრაქცია Единая Россия-ს წევრი, ეკატერინა სტენიაკინა გამოვიდა.

"ყველა საჯარო პირს ყავს თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების დიდი აუდიტორია. მათთვის საყვარელი არტისტის ნებისმიერი სიტყვა და საქციელი დოგმატურ ხასიათს ატარებს.

როდესაც საჯარო პირს აქვს სახელმწიფო ჯილდო ან წოდება, ეს კიდევ უფრო ზრდის მათ პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე. დაუშვებელია დაუფიქრებელი ქმედებები და გამონათქვამები.

უკრაინის სპეცოპერაციის შესახებ გაკეთებულმა ნეგატიურმა განცხადებებმა გააღიზიანა უამრავი ადამიანი, რომელიც აქამდე ამ არტისტებს ოჯახის წევრებად მიიჩნევდა". – ამბობს სტენიაკინა.

სახელმწიფო ჯილდოებისა და წოდებების გამცემი ორგანოს კანონმდებლობით, დაჯილდოებული, მხოლოდ მძიმე ან განსაკუთრებულად მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კარგავს ჯილდოს და სტატუსს. სტენიაკინას აზრით აღნიშნულ ჩამონათვალს უნდა შეემატოს სახელმწიფოსადმი შეურაცხმყოფელი ქმედება.

მაქსიმ გალკინი მეგობრობის ორდენის მფლობელია, ხოლო ლია ახეჯაკოვა რუსეთის სახალხო არტისტი.

ომის დაწყებიდან მეორე დღეს გალკინმა ანტისაომარი განცხადება გააკეთა: 

"დღეს დილიდან ვარ კავშირზე ჩემს ახლობლებთან და მეგობრებთან უკრაინაში. სიტყვებით ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ ახლა. როგორ არის ეს ყველაფერი შესაძლებელი? ამ ომს გამართლება არ აქვს! არა ამ ომს".

მოგვიანებით კომიკოსი ცოლთან, მომღერალ ალა პუგაჩოვასთან და შვილებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა.

ახეჯაკოვა, რომელიც პუტინის ხელისუფლების მიმართ წლებია კრიტიკულად არის განწყობილი, უკრაინაში მიმდინარე ომს ამ სიტყვებით გამოეხმაურა:

"ეს არის ის საფასური, რომელსაც ვიხდით გაყალბებული არჩევნებისთვის. დუმილის დრო აღარ არის. უკრაინელები ამას არ გვაპატიებენ. იქ ბავშვებს კლავენ, სამშობიაროებს ბომბავენ. მე გაჩუმებას არ ვაპირებ". 

ჯილდოების გარეშე ასევე შესაძლოა დარჩნენ აკვარიუმის ფრონტმენი ბორის გრებენშიკოვი, მომღერალი ვერა ბრეჟნევი, მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი და დდტ-ს დამფუძნებელი, მუსიკოსი იური შევჩუკი.

კომენტარები