უკრაინის ქალაქ სუმიში ქიმიური ქარხნიდან, სუმხიმპრომიდან ამიაკმა გაჟონა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, დაზიანდა ამიაკის ერთ-ერთი რეზერვუარი.
"05:00-ს მონაცემებით დაკვირვებადია ამიაკის უმნიშვნელო გაჟონვა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ ამიაკის ღრუბლის დალექვაზე. დასახლებული ქალაქს საფრთხე არ ემუქრება. წინასწარი ინფორმაციით მსხვერპლი და დაზარალებული არ არიან" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ნორმალურ პირობებში უფერო აირია და აქვს მკვეთრი დამახასიათებელი სუნი. კონცენტრირებული ამიაკი საშიში, კაუსტიკური ნივთიერებაა. ბევრ ქვეყანაში ის კლასიფიცირებულია, როგორც უკიდურესად სახიფათო ნივთიერება. ობიექტებს, რომელბიც აწარმოებენ, ინახავენ ან იყენებენ მას დიდი რაოდენობით, მკაცრი მოთხოვნებით ანგარიშების წარდგენა ევალებათ.
რამდენიმე დღის წინ რუსეთი უკრაინელებს სუმიში ქიმიური იარაღის გამოყენებისთვის მზადებაში ადანაშაულებდა.
გასულ დღეებში როგორც აშშ, ისე დიდი ბრიტანეთი აქტიურად აფრთხილებდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ამზადებდეს ოპერაციას ცრუ დროშის ქვეშ, ქიმიური იარაღის გამოყენებით, რასაც შემდეგში უკრაინულ მხარეს დააბრალებენ.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.





