რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქებიდან 7 200-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ, მათგან 3 900 მარიუპოლიდან – უკრაინა

Reuters

20 მარტს 4 ჰუმანიტარული დერეფნის გავლით უკრაინის ქალაქებიდან 7 295 მოქალაქე გამოიყვანეს, მათგან 3 900 რუსული სამხედრო ძალების მიერ ალყაში მოქცეული მარიუპოლიდან. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, მარიუპოლიდან ევაკუირებული მოსახლეობა ქალაქ ზაპოროჟიაში გადაიყვანეს.

მისივე თქმით, მოსახლეობის ევაკუაცია 7 ჰუმანიტარული დერეფნის გავლით უნდა მომხდარიყო, თუმცა რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაარღვია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები