რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მამა ზაზა: შეიძლება გულგრილები ვიყოთ, როცა უკრაინაზე უკეთესი მეზობელი და მოყვარე არ გვყავს?

რაც დღეს ხდება, ეს ხდება უკვე დიდი ხანია. ეს ურთიერთობები, რაც რუსეთთან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, არანაირ ქრისტიანულ საეკლესიო ნორმებში ჩარჩოებში არ ჯდება. ეს ყოველგვარი საღვთო გაგების მიღმაა გასული. თუ ადამიანი ბრმა არ არის, ძალიან ადვილად უნდა დაინახოს. პირველ რიგში, რაც ნამდვილ, ჭეშმარიტ ეკლესიას ევალება, უნდა ამოიცნოს ეს და თქვას, რომ მე ამასთან არ ვარ, არ ვიზიარებ ამათ საქმეებს. უნდა გაემიჯნოს ამას. თუ მხარდაჭერაზეა საქმე, უნდა მოხდეს ყველაზე უპირველესი, ქრისტიანული თვალსაზრისით, უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება. ეს წლების წინ შეეძლო ჩვენს ეკლესიას, მერე, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა აღიარა, ბუნებრივია, ყოველთვის ველოდებოდით, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგმებოდა. 

ყველა ადამიანს აქვს თავისი გონება, თავისი სინდისი, თავისი ხედვა, ანუ ცნობიერება, შინაგანი სულიერი თვალი. ყველა ხედავს. თუ ადამიანი საღ გონებაზეა და მას შეუძლია შეაჯეროს ობიექტური, სუბიექტური, არსებითი, არაარსებითი, აშკარად მიხვდება, რა უნდა თქვას. მე შემზარა, როცა პუტინმა ზომბირებული, ტვინგამორეცხილი ხალხი შეკრიბა და იესოს სიტყვები მოიყვანა ციტატად, რაც ამაზრზენია. უამრავი ურჩხული ახსოვს ისტორიას, ადრინდელიც, გვიანდელიც, მაგრამ მსგავსი რამ არ ხდებოდა, რომ ისინი სახარების და იესოს სიტყვებით ლაპარაკობდნენ. ეს არის ანტიქრისტეს სიტყვები და მისი მორჩილი ეკლესია ეკლესია არ არის. ეს არის ძალიან მარტივი, ძალიან ბანალური, ძალიან იოლად გასაგები. ამას თუ ადამიანი ვერ გაიგებს, რაღა უნდა გაიგოს, რა წიაღსვლები უნდა გააკეთოს?! ქრისტე რას გვასწავლის, ჩვენი ისტორია რას გვასწავლის, ჩვენი ლიტერატურა რას გვასწავლის და რას ლაპარაკობენ ჩვენთან ზოგიერთები ხელისუფლებაში თუ არახელისუფლებაში?! რუსთაველი გვეუბნება – "ოდეს კაცსა დაეჭიროს, მაშინ უნდა ძმა და თვისი". როცა ადამიანს უჭირს, მაშინ უნდა დაუდგე გვერდით. ამავეს გვასწავლის ბიბლია და ჩვენ სად ვართ?! როგორ ვფიქრობთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ცხვირწინ ხდება ეს უბედურება. შეიძლება ამის მიმართ გულგრილი იყო და არ გააკეთო მაქსიმალური, როცა უკრაინაზე უკეთესი არც მეზობელი და არც მოყვარე ჩვენ არ გვყავს?

თქვა ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზმა ზაზა თევზაძემ TV პირველის ეთერში.

კომენტარები