უკრაინაში, ბერდიანსკში ანტისაოკუპაციო აქციაზე რუსმა სამხედროებმა სულ მცირე ორი ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთ დემონსტრანტზე ოკუპანტებმა ფიზიკურად იძალადეს.
გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ აქციაზე დემონსტრანტები უკრაინულ სიმღერას მღეროდნენ. ერთ-ერთ ვიდეოში კი ჩანს, რომ რუსმა სამხედროებმა ორი ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთს კი სამხედროები დაკავების შემდეგ სცემენ.
რუსულმა სამხედრო ძალებმა ბერდანსკის სამთავრობო შენობა 27 თებერვალს აიღეს. ბერდიანსკი აზოვის ზღვასთან, მარიუპოლიდან 70 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.