რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-მ თურქეთს S-400 ანტისარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა – Reuters

REUTERS/Vitaly Nevar

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზე უკრაინისთვის რუსული წარმოების S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს

გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები თურქ კოლეგებს წინადადებას გასული თვის განმავლობაში სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნით არ მიუმართავთ. მათივე ცნობით, უკრაინისთვის S-400 სისტემების გადაცემაზე საუბარი ასევე წამოიჭრა თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტის დროს. ანალიტიკოსების აზრით, ეს იდეა უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხრიდან დახმარების გაძლიერებას და ანკარა-ვაშინგტონის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

S-400 ანტისარაკეტო სისტემები აშშ-სა და თურქეთს შორის დიდი ხნის განმავლობაში დაპირისპირების საგანი იყო. თურქეთმა რუსული წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემა პირველად 2019 წლის ივნისში მიიღო. ამის საპასუხოდ აშშ-მ თურქეთს თავდაცვით ინდუსტრიაზე სანქციები დაუწესა და ანკარა F-35-ის ტიპის გამანადგურებლების პროგრამიდან გარიცხა.

გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ NATO-ს წევრმა სლოვაკეთმა გამოთქვა წინასწარი მზადყოფნა, უკრაინას გადასცენ საბჭოთა პერიოდის S-300-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

S-300-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი განკუთვნილია საჰაერო თავდაცვისთვის. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ მსგავსად S-400 სისტემისა, უკრაინელ სამხედროებს ამ კომპლექსთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ერთ-ერთი მთავარი სირთულე, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში არის ის, რომ მათ სჭირდებათ ისეთი სისტემები, რომლის გამოყენებაც იციან და მათ ასამუშავებლად გადამზადება არ დასჭირდებათ.

აქამდე, ბაიდენის ადმინისტრაციამ უარი თქვა პოლონეთისგან მიეღო МиГ-29-ები, რომლებიც შემდეგ უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. პენტაგონმა გადაწყვეტილება გაამართლა იმით, რომ უკრაინისთვის "МиГ-29-ების გადაცემის სარგებელი არის დაბალი" და მათი გაგზავნა "არ შეცვლის უკრაინის საჰაერო ძალების ეფექტიანობას". ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ამერიკელი, როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორების კრიტიკა. 11 მარტს ორივე პარტიის სენატორებმა პრეზიდენტ ბაიდენს გაუგზავნეს წერილი, რომელშიც ითხოვდნენ, რომ უკრაინისთვის გადაეცათ თვითმფრინავები და უპილოტო საფრენი აპარატები.

რადგან რუსეთს საჰაერო უპირატესობა აქვს, გამანადგურებლებს თავად უკრაინა ითხოვდა. ამას გარდა, კიევს სურდა NATO-ს უკრაინის თავზე ცა ჩაეკეტა, რაზეც დასავლეთისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს, რადგან ეს რუსულ საჰაერო ძალებთან პოტენციურ კონფრონტაციას ნიშნავდა. ცის ჩაკეტვის ალტერნატივად უკრაინაში საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას მიიჩნევდნენ. უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილის რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს განადგურდა.

კომენტარები