რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტების მიერ განხორციელებულმა იერიშებმა მთელი უკრაინის მასშტაბით 500-მდე სკოლა დააზიანა. აქედან, 69 მათგანი სრულად განადგურდა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადის განათლების კომიტეტის თავმდჯომარემ, სერგეი ბაბაკმა გაავრცელა.
ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობა საგანმანათლებლო დაწესებულებებზე იერიშის მიტანის მხრივ ხარკოვშია. ქალაქის მერის თქმით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა უკვე 60-მდე სკოლა დააზიანეს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





