რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსებმა დონეცკის ოლქში სოფლები და ქალაქები დაბომბეს - გარდაცვლილებს შორის ბავშვებიც არიან

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, დონეცკის ოლქის 11 ქალაქი და სოფელი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაზიანდა სახლები, მაღაზიები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არიან დაჭრილები და გარდაცვლილები. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ გაავრცელა.

"მხოლოდ ბოლო 1 დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის სოფლები და ქალაქები მძიმე და რეაქტიული არტილერიით დაბომბეს. განადგურდა სახლები, მაღაზიები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მათ შორის ბავშვები, პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები". - წერს უკრაინის ეროვნული პოლიცია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები