რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კულება: ბორელთან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის მომზადება განვიხილე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირის უმაღლეს დიპლომატთან, ჯოზეფ ბორელთან, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი განიხილა.

"ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტის მომზადება. გაგრძელდება ზეწოლა, რამდენიც საჭირო იქნება რუსული ბარბარიზმის შესაჩერებლად. ჩვენ ასევე განვიხილეთ იმ უკრაინელების დაცვისა და დახმარების საკითხი, რომლებიც რუსულ ბომბებს ევროკავშირის ქვეყნებში გაექცნენ". - წერს კულება Twitter-ზე. 

ევროკავშირი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა. სანქციები საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, აშშ-სთან არის შეთანხმებული.

"ეს სანქციები კიდევ უფრო გააძლიერებს ეკონომიკურ წნეხს კრემლზე და დააზარალებს მის უნარს, დააფინანსოს შეჭრა უკრაინაში." - ნათქვამია განცხადებაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან – ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ოთხ პაკეტზეა შეთანხმებული.

კომენტარები