რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"2008 წელს, როცა პრეზიდენტები ჩამოვიდნენ, ცეცხლი შეწყვეტილი იყო" – ქადაგიშვილი

ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის დედაქალაქში, კიევში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტი უსაფრთხოების საკითხთანაა დაკავშირებული.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ 2008 წელს, აგვისტოს ომის დროს საქართველოში უცხო ქვეყნის პრეზიდენტების ვიზიტისას ცეცხლი შეწყვეტილი და უსაფრთხოების საკითხი "გარანტირებული" იყო.

"სოლიდარობა უკრაინის მიმართ ჩვენ გამოცხადებული გვაქვს. კონკრეტულად იქ კიევში რა ვითარება იქნება და იქ ჩასვლა შესაძლებელია თუ არა, ეს, ალბათ, ცალკე განხილვის საკითხია. პირველ რიგში, მე მაინც უსაფრთხოების საკითხს დავაყენებდი, იმიტომ, რომ როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ უცხო ქვეყნის პრეზიდენტები 2008-ში, მაშინ ცეცხლი შეწყვეტილი იყო და უსაფრთხოების ეს ზომები გარანტირებული იყო. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას ადგილი არ აქვს, უბრალოდ ლოკალურად ხდება ხოლმე სამშვიდობო კორიდორების გახსნა. ზოგადად, მთელი ეს ტერიტორია, განსაკუთრებით კიევი და აღმოსავლეთ უკრაინა საბრძოლო მოქმედებების ზონაა". – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ლიდერების მონაწილეობით აქცია 2008 წლის 12 აგვისტოს გაიმართა.

ამ დღეს მოეწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიან შეთანხმებას. თუმცა, საომარი მოქმედებები არ დასრულებულა - რუსმა ოკუპანტებმა მომდევნო დღეებში ახალგორი აიღეს.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას თქვა, რომ თავიანთი "შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს" აკეთებენ, თუმცა ქართულ ოცნებას მიაჩნია, რომ კიევში "ჩასვლისთვის ჩასვლა არაფრისმომცემია" და ასევე არ აპირებს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. ღარიბაშვილი ამბობს, რომ ომი თავიდან აცილებული ვერ იქნა და ამით ყველაზე მეტად ქვეყანა და ხალხი დაზარალდება.  

კომენტარები