რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ქვეყანაში შესვლა ჯასტინ ტრუდოსა და 312 კანადელ თანამდებობის პირსაც აუკრძალა

ჯასტინ ტრუდო
Adrian Wyld/The Canadian Press via AP

რუსეთმა კანადის პრემიერმინისტრს, ჯასტინ ტრუდოსა და 312 კანადელ თანამდებობის პირს სანქციები დაუწესა. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ კანადის საგარეო საქმეთა და ეროვნული თავდაცვის მინისტრებიც.

"იძულებული ვართ ეს ნაბიჯი გადავდგათ კანადის ამჟამინდელი რეჟიმის აღმაშფოთებელი მტრობის საპასუხოდ, რომელიც გასცდა ჩვენს მოთმინებას. ყველა რუსოფობიური შეტევა, იქნება ეს თავდასხმა რუსეთის დიპლომატიურ მისიებზე, საჰაერო სივრცის დახურვასა და თუ ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე, აუცილებლად მიიღებს გადამწყვეტ და არა აუცილებლად სიმეტრიულ პასუხს". – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთმა სანქციები დაუწესა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და კიდევ 12 ამერიკელ ოფიციალურ პირსაც. მათ რუსეთში შესვლა აეკრძალათ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები