რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, სუმის ოლქის ქალაქ ახტირკაში სახლები დაბომბეს. შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა, სამძებრო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, პავლო კუზმენკომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
"ღამით რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ახტირკაზე საჰაერო იერიში განახორციელეს. მათ სახლები დაბომბეს. 3 ადამიანი გარდაიცვალა, სამძებრო სამუშაოები კი გრძელდება. ახლაც, ჩემ უკან სახლები იწვის. სამწუხაროდ, ასე ხდება, როდესაც უკრაინის ცა არ არის დაცული. მთელი მსოფლიოდან ხალხი ითხოვს, რომ უკრაინის ცა დაიხუროს. იმ პილოტებმა კი, ვინც ქალაქი დაბომბა, უნდა შეიგნონ, რომ ისინი კლავენ მშვიდობიან მოქალაქეებსა და მათ ბავშვებს. ეს ადამიანები ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვან". - ამბობს ქალაქის მერი.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





