რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორშაბათს, 14 მარტს გაიმართება

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ორშაბათს, 14 მარტს ვიდეოკონფერენციის სახით გაიმართება.

"მოლაპარაკებები ვიდეოკონფერენციების სახით შეუჩერებლად მიმდინარეობს, სამუშაო ჯგუფები მუდმივად მუშაობენ. საკითხების დიდ ნაწილს მუდმივი ყურადღება სჭირდება. ორშაბათს, 14 მარტს მოლაპარაკებების სესია პირველადი შედეგების შეჯამებისთვის გაიმართება" - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე.

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 7 მარტს გაიმართა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები