რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დეკანოზი თამაზი რუსეთზე: ერთი, რომელიც ანადგურებს მეორეს, აღარ არის ღმერთის შვილი

დღეს ბოროტმოქმედებმა შემოაპარეს ასეთი სიტყვა, რომ ორი მართლმადიდებელი ერი ვიღაცამ დააპირისპირა. ტყუილია ამის თქმა. ერთი მართლმადიდებელი ერი დაუპირისპირდა მეორეს, ერთი დაესხა მეორეს თავს. ეს, რომ თურმე დამნაშავე არავინ არ არის, მკრეხელობაა და კიდევ უფრო დიდ ბოროტებას იწვევს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვამხილოთ ბოროტი. 

რას ამბობს ქრისტე – თქვენ რომ მამა ღმერთის შვილები იყოთო, მის მტრებს ეუბნება, მაშინ გააკეთებდით კიდეც იმას, რასაც მამა ღმერთი გეუბნებათ. ანუ ვინც კლავს, ვინც თავს ესხმის, ვინც ანადგურებს, ვინც ბოროტებას ჩადის, ვინც იტყუება, არ არის ღმერთის შვილი. ჩვენ გვგონია, რომ ბოროტის მოქმედიც და კეთილისმყოფელიც, ყველა მაინც ღმერთის შვილია. არა, ეს მკრეხელობაა. თუ მე დავიწყებ შეგნებულად ბოროტების კეთებას, არ ვარ ღმერთის შვილი. შეიძლება უნებლიედ ჩავიდინო რაღაც შეცდომა, მაგრამ თუ მე შეგნებულად გადავალ სიცრუის გავრცელებაზე, მკვლელობაზე, ბოროტებაზე, დაპყრობაზე, ქალაქების დანგრევაზე, სადაც ქალები და ბავშვები ცხოვრობენ, შენ არ ხარ ღმერთის შვილი. ეს რუსეთს და რუსებს უნდა ესმოდეთ, ვინც ამას ამართლებს. 

ორი მართლმადიდებელი ერი კი არ დაუპირისპირა ვიღაც აბსტრაქტულმა, ერთი დაესხა თავს მეორეს. ჩვენ, ქრისტიანებმა ყოველთვის უნდა ვთქვათ ის, რაც სიმართლეა და ასე სულელურად არ მოვიტყუოთ თავი. ვინც ბოროტებას შეგნებულად ჩადის, ის არ არის ღმერთის შვილი. ერთი, რომელიც ანადგურებს მეორეს, ის აღარ არის ღმერთის შვილი.

თქვა მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა თამაზ ლომიძემ ქადაგებისას.

კომენტარები