რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პრაისი: პუტინი უკრაინაში არღვევს იგივე პრინციპს, რაც საქართველოში 2008-ში დაარღვია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ახლა უკრაინაში არღვევს იგივე პრინციპებს, რომლებიც მან 2008 წელს საქართველოში დაარღვია. ამის შესახებ მან 11 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყნებს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ იმ პრინციპების მხარდაჭერისკენაც მოუწოდებს, რომელთა მეშვეობით დაახლოებით 70 წლის განმავლობაში მსოფლიოში სტაბილურობა და უსაფრთხოება იყო განპირობებული.

"ჩვენ ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ მხარი დაუჭირონ არა მხოლოდ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, რაც რეალურად კონფლიქტის ცენტრშია, არამედ მხარი დაუჭირონ იმ ფართო პრინციპებსაც, რომლებითაც მთელ მსოფლიოში დაახლოებით 70 წლის განმავლობაში შეკრული იყო სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უპრეცედენტო დონე.

პრინციპი, რომელიც რუსეთმა 2008 წელს დაარღვია, როდესაც რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ, არის იგივე პრინციპი, რომელსაც ვლადიმირ პუტინი უკრაინაში არღვევს: იდეა, რომ საზღვრები უნდა იყოს დაურღვეველი; რომ დიდ სახელმწიფოებს, დიდ ქვეყნებს, დიდ ერებს არ შეუძლიათ პატარა ქვეყნების, პატარა ერების დაჩაგვრა; იდეა, რომ ძალა არ შობს უფლებას. ეს ყველაფერი საფრთხის წინაშეა, ამიტომაც, ევროპაში, ინდო-წყნაროკეანეთსა თუ სხვაგან, ჩვენ ქვეყნებს მოვუწოდეთ უკრაინისა და ამ პრინციპების გვერდზე დამდგარიყვნენ". – უპასუხა ნედ პრაისმა მთავარი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, უკრაინის ელჩის გაწვევასა და საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები