საქართველო-ევროკავშირი

ევროპული საბჭო: მოწვეულია კომისია, წარადგენენ პოზიციას საქართველოს, მოლდოვას განაცხადებზე

Tai Dundua / Shutterstock

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოსა და მოლდოვას განაცხადებებზე მოსაზრებების წარსადგენად კომისიაა მოწვეული. 

10 მარტს ვერსალში უკრაინაზე წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხის სანსახილველად გამართული შეხვედრის შემდეგ ევროპული საბჭო განცხადებას ავრცელებს - განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათ "აღიარეს უკრაინის მისწრაფებები და ევროპული არჩევანი" და უკრაინა ევროპულ ოჯახს ეკუთვნის. 

"2 კვირის წინ რუსეთმა ევროპაში ომი დააბრუნა. რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონს, გაეროს წესდებას და ძირს უთხრის ევროპულ და გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ის ენით აღუწერელ ტანჯვას აყენებს უკრაინის მოსახლეობას. რუსეთსა და მის თანამზრახველ ბელარუსს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ამ აგრესიულ ომზე. პასუხისმგებელნი პასუხს აგებენ საკუთარ დანაშაულზე, მათ შორის, მშვიდობიანი მოსახლეობისა მიზანში ამოღებაზე. ამ მხრივ, მივესალმებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოძიების დაწყებას. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის ატომური ობიექტების უსაფრთხოება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დახმარებით. ჩვენ მოვითხოვთ, რუსეთმა შეწყვიტოს სამხედრო ქმედება და დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა ძალა და სამხედრო ტექნიკა უკრაინის მთლიანი ტერიტორიიდან, სრული პატივი სცეს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 

ჩვენ ვაფასებთ უკრაინელ ხალხს ქვეყნის დაცვისა და ჩვენი საერთო ღირებულებების -  თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის გამო. ჩვენ მათ მარტო არ დავტოვებთ. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ კოორდინირებულ პოლიტიკურ, ფინანსურ, მატერიალურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ დემოკრატიული უკრაინის აღდგენას, როგორც კი რუსეთის შეტევა შეწყდება. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავზარდოთ ზეწოლა რუსეთსა და ბელარუსზე. მივიღეთ მნიშვნელოვანი სანქციები და მზად ვართ, სწრაფად გადავიდეთ შემდგომ სანქციებზე. 

უთვალავი ადამიანი გაურბის უკრაინის ომს. ჩვენ ვთავაზობთ დროებით დაცვას ომის ყველა ლტოლვილს უკრაინიდან. ჩვენ ვაფასებთ ევროპულ ქვეყნებს, განსაკუთრებით უკრაინის მოსაზღვრეებს, რადგან მათ გამოავლინეს უდიდესი სოლიდარობა ომის ლტოლვილი უკრაინელების მასპინძლობაში. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გააგრძელებენ სოლიდარობის გამოხატვას და ჰუმანიტარულ, სამედიცინო და ფინანსურ დახმარებას ყველა ლტოლვილისა და მათი მასპინძელი ქვეყნებისთვის. ჩვენ მოვითხოვთ. რომ ევროპაში ლტოლვილთა ერთობლივი მოქმედების შესახებ წინადადებისა (CARE) და ReactEU-ის სწრაფად მიღების მეშვეობით, ფონდები ხელმისაწვდომი გახდეს გადადების გარეშე. მოვუწოდებთ რუსეთს, სრულად შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ვალდებულებები. მან უნდა უზრუნველყოს უკრაინაში მსხვერპლთა და იძულებით გადაადგილებული პირთა უსაფრთხო და შეუფერხებელი ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა და უზრუნველყოს, უსაფრთხოდ გავიდნენ ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვისაც წასვლა სურს. 

ევროპულმა საბჭოს აღიარა უკრაინის ევროპული მისწრაფებები და ევროპული მომავალი. 2022 წლის 28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა, ჰქონდა რა უკრაინას უფლება, აერჩია საკუთარი მომავალი, წარადგინა  განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა მას დაეფიქსირებინა საკუთარი მოსაზრება ამ განცხადებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების შესაბამისი დებულებებით. ამის მოლოდინში და დაუყოვნებლივ, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს კავშირებს და გავაღრმავებთ პარტნიორობას, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას ევროპულ გზაზე. უკრაინა ჩვენს ევროპულ ოჯახს ეკუთვნის". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. უკრაინის შემდეგ გაწევრიანების განაცხადი ოფიციალურად წარადგინეს საქართველომ და მოლდოვამაც

ქართულმა ოცნებამ 2 მარტს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადს დაჩქარებული წესით ამზადებს და 3 მარტს ოფიციალურად წარადგენდა. აქამდე, ქართული ოცნება ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს გეგმავდა, თუმცა, პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, არსებული პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარადგინოს.

ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვა უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანას. შესაბამის დოკუმენტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი 28 თებერვალს მოაწერა. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა. ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ დიდი მხარდაჭერა მიიღო დასავლეთისგან. მისი ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურუსლა ფონ დერ ლეიენმა, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების საკითხი დააყენა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე კი, საქართველომ უარი თქვა, შეერთებოდა რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ამის გამო, რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ევროკავშირში განაცხადის შეტანის მოთხოვნით შეიქმნა პეტიციაც.

კომენტარები