რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ვწუხვართ, რიჟვაძემ, ჩვენმა ასპირანტმა, ვერ შეიყვარა უკრაინა" – კიევის ეროვნული უნივერსიტეტი

კიევის ეროვნული უნივერსიტეტი აჭარის მთავრობის ხელმღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რიჟვაძეს კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში სწავლა არ დაუსრულებია. მათი თქმით, უნივერსიტეტი წუხს, რადგან მათმა "ასპირანტმა ვერ შეიყვარა უკრაინა". 

"აჭარის მთავრობის ხელმღვანელ თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია სამეცნიერო ხარისხი კიევის ეროვნულ უნივერსიტეტში. 2015 წელს ჩაირიცხა ასპირანტურაში, საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტში, 2017 წელს ამოირიცხა თავისივე ნებით ოჯახური მდგომარეობის გამო. შესაბამისად, ამ პერიოდში სწავლა არ დასრულებულა სამეცნიერო ხარისხითა და კვალიფიკაციით, რადგან სწავლა შეწყდა. 

ვწუხვართ, რომ როგორც ჩვენმა ასპირანტმა, მან ვერ შეიყვარა უკრაინა". - წერს კიევის ეროვნული უნივერსიტეტი. 

7 მარტს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრმა, თორნიკე რიჟვაძემ არ დაასახელა, რომელმა ქვეყანამ დაიწყო ომი – რუსეთმა თუ უკრაინამ.

ტვ პირველის ჟურნალისტის კითხვაზე, ომი უკრაინამ დაიწყო თუ რუსეთმა, რიჟვაძე პასუხად ამბობს, რომ ამ საკითხზე "დარგის ექსპერტებს" უნდა მიმართონ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები