რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 175 მილიონი ფუნტით დაეხმარება

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას დამატებით 175 მილიონი ფუნტით დაეხმარება, რაც ომის დაწყებიდან გამოყოფილ თანხას 400 მილიონ ფუნტამდე ზრდის. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა კანადის და ნიდერლანდების პრემიერმინისტრებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"12 დღის შემდეგ ნათელია, რომ პუტინმა ვერ გათვალა სწორად და სათანადოდ ვერ შეაფასა უკრაინელები, მათი გმირული წინააღმდეგობა, ასევე სათანადოდ ვერ შეაფასა მათი ლიდერი და დასავლეთის ერთიანობა. ჩვენ გავაგრძელებთ, როგორც კოლეგები, ყველაფრის კეთებას იმისთვის, რომ ეს ერთიანობა გავაძლიეროთ მომდევნო დღეებში და ვუზრუნველყოთ, რომ პუტინი დამარცხდება უკრაინის ამ კატასტროფულ თავდასხმაში". – თქვა ჯონსომა

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები