რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორის ჯონსონმა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ ექვსპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა

ბორის ჯონსონი
Reuters

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიოს სხვა ლიდერებს მოუწოდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6-პუნქტიან გეგმას შეერთებოდნენ. კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის ლიდერებთან შეხვედრისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელია პუტინის თავდასხმის მარცხი.

ჯონსონის ექვსპუნქტიანი გეგმა მოიცავს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენისთვის საერთაშორისო კოალიციის შექმნას, უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერას, რუსეთზე ეკონომიკური წნეხის გაძლიერებას, რუსეთის მოქმედებების "მცოცავი ნორმალიზაციის" თავიდან არიდებას, უსაფრთხოების განმტკიცებას მთელ ევროატლანტიკურ რეგიონში, დეესკალაციისთვის დიპლომატიური გზების გამოყენებას პროცესში კიევის სრული ჩართულობით.

"საკმარისი არ არის, რომ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მხარდაჭერა გამოვხატოთ, ეს წესრიგი უნდა დავიცვათ მისი სამხედრო ძალით გადაწერის მცდელობებისგან" - თქვა ბორის ჯონსონმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები