რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთში მუშაობას Mastercard-იც წყვეტს

რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის ფედერაციაში ოპერაციებს Mastercard-იც შეწყვეტს

Mastercard-ის კომპანიის თქმით, რუსეთის ბანკების მიერ გაცემული Mastercard-ის ბარათები აღარ იქნება მხარდაჭერილი Mastercard-ის ქსელის მიერ, ხოლო ფედერაციის გარეთ გაცემული ნებისმიერი Mastercard-ის ბარათი არ იმუშავებს რუსულ საბანკო და საგადასახადო აპარატებზე.

ასეთივე შეზღუდვას აწესებს Visa-ც.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საკრედიტო ორგანიზაციების პრესსამსახურებმა აცნობეს, რომ რუსული სბერბანკის მიერ გაცემული Visa-სა და Mastercard-ის ბარათები განაგრძობენ ქვეყნის შიგნით მოქმედებას, თუმცა მათი მეშვეობით ვერ გადაიხდიან საზღვარგარეთ, ასევე ვერც უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები