რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

VISA რუსეთში მუშაობას აჩერებს

უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, Visa რუსეთში ოპერაციებს შეაჩერებს

Visa ამჟამად მუშაობს კლიენტებთან და პარტნიორებთან რუსეთში, რათა დასრულდეს უკანასკნელი ტრანზაქციები. როდესაც ეს პროცესი დასრულდება, რუსეთში გაცემული Visa ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციები ქვეყნის გარეთ აღარ შესრულდება. ასევე, ფინანსური ინსტიტცუიების მიერ რუსეთს გარეთ გაცემული Visa ბარათები ფედერაციაში აღარ იმუშავებს.

"გვიწევს ვიმოქმედოთ რუსეთის მიერ უკრაინაში პროვოცირების გარეშე შეჭრისა და იმ მიუღებელი მოვლენების წინააღმდეგ, რომელთა მომსწრეც გავხდით... ეს ომი და მიმდინარე საფრთხე, მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ, გვავალდებულებს ჩვენი ღირებულებების შესაბამისად პასუხის გაცემას", – ამბობს ალ კელი Visa-ს აღმასრულებელი დირექტორი.

Visa არის მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ციფრულ გადახდებში და მონაწილეობს 200-ზე მეტი ქვეყნის ფინანსურ ტრანზაქციებში.

რუსეთში მუშაობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო Mastercard-მაც.

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, საკრედიტო ორგანიზაციების პრესსამსახურებმა აცნობეს, რომ რუსული სბერბანკის მიერ გაცემული Visa-სა და Mastercard-ის ბარათები განაგრძობენ ქვეყნის შიგნით მოქმედებას, თუმცა მათი მეშვეობით ვერ გადაიხდიან საზღვარგარეთ, ასევე ვერც უცხოურ ონლაინ მაღაზიებში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები