რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოცნების ხელით ქვეყანა პუტინის ინსტრუმენტად იქცა – ევროპული საქართველო Дождь-ის ჟურნალისტზე

პარტია ევროპული საქართველო რუსული დამოუკიდებელი არხის, Дождь-ის ჟურნალისტის არშემოშვებას ეხმაურება და ფაქტს თავისუფლების მტრობასა და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფას უწოდებს.

"საქართველოს პუტინისტურმა ხელისუფლებამ ომის სამართლიანი გაშუქების გამო პუტინის მიერ ჟურნალისტებზე გამოცხადებული ნადირობისგან თავის დაღწევის მიზნით საქართველოში მომავალი დოჟდის ჟურნალისტი საზღვარზე არ შემოუშვა – რუსული რეჟიმის საგანგაშო ნაბიჯი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების მტრობა, თავისუფლების მტრობა და ქართული საზოგადოების შეურაცხყოფაა.

ივანიშვილის კლოუნები ყოველდღიურად ცდილობენ, შეაგუონ მოქალაქეები და საერთაშორისო საზოგადოება პუტინის მოკავშირე საქართველოს და ამით ძირს უთხრიან ამ ქვეყნის უსაფრთხოების, ევროპული მომავლის და პოსტსაბჭოთა ჭაობიდან გაღწევის პერსპექტივებს.

მას შემდეგ, რაც ერთი ხელით საქართველოს მოქალაქეთა ნაწილის სამართლიანი აღშფოთების პასუხად ხელისუფლებამ "რუსების მიმართ დისკრიმინაციის" აღმოსაფხვრელად კანონის გამკაცრება დააანონსა, მეორე ხელით ქვეყნის კარი ჩაუკეტა მათ, ვისაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა ღირსეული თავშესაფარი პუტინის ტირანიისგან თავისუფალ საქართველოში – ქართული სახელმწიფო ქართული ოცნების ხელით პუტინის ტირანიის ინსტრუმენტად იქცა. პოლიტიკური კლასის, აქტიური მოქალაქეების და ქართული სახელმწიფოს ყველა კეთილსინდისიერი საჯარო მოხელის ვალია, გააკეთოს ყველაფერი, რათა ივანიშვილის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებთან და თავისუფლებასთან გამოცხადებულ ომში დამარცხდეს". – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საქართველოში Дождь-ის ჟურნალისტის არშემოშვების შესახებ ინფორმაცია 5 მარტს გავრცელდა. ტაბულა ფაქტზე ოფიციალური კომენტარის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

რუსეთში დამოუკიდებელმა ტელეკომპანია Дождь-მა 3 მარტს მაუწყებლობა დროებით შეწყვიტა. 1 მარტს რუსეთის გენერალური პროკურატურამ ლიბერალური რადიოსადგურ Эхо Москвы-სდა დამოუკიდებელი გამოცემის, Дождь-ის წვდომის შეზღუდვა მოითხოვა. 2 მარტს კი Дождь-ის თანამშრომელთა ნაწილმა, მათ შორის გამოცემის მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ რუსეთი დატოვეს.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები