რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ისრაელის პრემიერმინისტრი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდა

YEVGENY BIYATOV/Sputnik/AFP

ისრაელის პრემიერმინისტრი, ნაფტალი ბენეტი გაემგზავრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან უკრაინაში ომის განსახილველად. შეხვედრამ კრემლში სამ საათს გასტანა. 

ისრაელის ოფიციალური დიპლომატიური წყაროს თქმით, შეხვედრა კოორდინირებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად. წყაროს ცნობით, ბენეტმა პუტინთან ისაუბრა უკრაინაში ომის შედეგად, ებრაული თემის მდგომარეობაზე და ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღსადგენად ვენაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე. 

ბენეტის ოფისის ცნობით, პრემიერმინისტრი ისრაელში დაბრუნებამდე ბერლინში გაფრინდება, რათა შეხვდეს გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს. პრემიერის პრესსპიკერს არ უთქვამს, რას განიხილავდნენ ისინი; გერმანია ირანის ბირთვული შეთანხმების ერთ-ერთი მხარეა. მანამდე, შოლცი ისრაელში 2 მარტს იმყოფებოდა. 

გასულ დღეებში პრემიერმინისტრს სატელეფონო საუბარი ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან. ისრაელმა მხარეებს შესთავაზა, რომ კონფლიქტში მედიატორი იქნება. 

ისრაელმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა და უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები