რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი კვლავ განაგრძობს საკუთარ პროპაგანდისტულ რიტორიკას უკრაინელ და რუს ერებთან დაკავშირებით. ის უკრაინელების ამ აზრის საწინააღმდეგო პოზიციაზე ყოფნას კვლავ ნეონაცისტებს აბრალებს. პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი პოზიცია, რომ "რუსები და უკრაინელები ერთი ერია".
"არასდროს დავთმობ ჩემს რწმენას, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ერია. იმისდა მიუხედავადაც კი, რომ ზოგიერთი უკრაინელი დაშინებულია, ბევრი გამოშტერებულია ნაცისტური ნაციონალისტური პროპაგანდით და ზოგიც შეგნებულად გაჰყვა ბანდერელების, ნაცისტების სხვა მხარდამჭერების გზას", – თქვა პუტინმა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.





