რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში უკრაინა მილიონმა ლტოლვილმა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა, ფილიპო გრანდიმ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ომის დაწყებიდან 7 დღე გავიდა - უკრაინა უკვე მილიონმა ლტოლვილმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში წავიდა. იმ მილიონობით ადამიანისთვის კი, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაშია, დროა, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარული დახმარება გაეწიოთ". - წერს გაეროს წარმომადგენელი ტვიტერის გვერდზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები