რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 7 დღეში 2 000 მშვიდობიანი უკრაინელი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 2 მარტამდე, 7 დღეში, 2 000 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა.

"უკვე 160 საათზე მეტია, რაც უკრაინელი ხალხი თავს იცავს რუსეთისა და ბელარუსის სასტიკი და ცინიკური თავდასხმისგან. ყოველ საათში ვკარგავთ ჩვენი სამხედროების, ქალებისა და ბავშვების სიცოცხლეს. ამ 7 დღის განმავლობაში რუსებმა გაანადგურეს ასობით სახლი, საავადმყოფო, საბავშვო ბაღი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. აგრეთვე, ამ დრომდე მათ შეიწირეს 2 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე, ამ რაოდენობაში გარდაცვლილი სამხედროები არ იგულისხმება".  - წერს სოციალურ ქსელში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ სამსახურმა ამ დრომდე დაბომბვების შედეგად გაჩენილი 400-ზე მეტი ხანძარი ჩააქრო, რამაც 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. აგრეთვე, მათ მოახდინეს 500-ზე მეტი პირის ევაკუაციაც. სამაშველო ოპერაციების დროს დაიღუპა მათი 10 და დაიჭრა 13 თანამშრომელი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები