რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფსაკი: უკრაინაში აკრძალული საფრენი ზონის გამოცხადება რუსეთთან ომის დაწყება იქნებოდა

ჯენ ფსაკი
Reuters

აშშ-ს თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ ფსაკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ქვეყნებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის გამოცხადებას სთხოვს

როგორც ფსაკიმ თქვა, აშშ არ გეგმავს მსგავსი ზონის გამოცხადებას, რადგან ეს ქვეყანას რუსეთთან პოტენციურ ომამდე მიიყვანს. 

"აკრძალული საფრენი ზონისთვის საჭირო იქნება ამის აღსრულება, აღსრულებისთვის საჭირო იქნებოდა აშშ-ს სამხედროების გადასხმა, რაც... პოტენციურად იქნება პირდაპირი კონფლიქტი და პოტენციური ომი რუსეთთან, რაც არის ის, რისი ნაწილიც არ ვგეგმავთ, რომ ვიყოთ". - თქვა ფსაკიმ.

ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს ქვეყნებს უკრაინის თავზე აკრძალული საფრენი ზონის გამოცხადებას სთხოვს, რათა რუსეთმა  ომში დაკარგოს საჰაერო უპირატესობა. მსგავსი ზონის მხოლოდ გამოცხადება არ კმარა. დაწესებული შეზღუდვის შესასრულებლად საჭიროა ჯარის ნაწილები, რომლებიც საჰაერო სივრცეში უკანონოდ შემოსვლას აღკვეთენ. შესაბამისად, თუ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უკრაინის ცას აკრძალულ ზონად გამოაცხადებს, თუ აქ შეფრინდება რუსული თვითმფრინავი, მათ მისი ჩამოგდება მოუწევთ. 

ჯენ ფსაკიმ არ გამორიცხა რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის აკრძალული საჰაერო ზონის აშშ-ს საჰაერო სივრცეში გამოცხადება, თუმცა აღნიშნა, რომ რუსეთის თავზე, აზიაში მოსახვედრად, ბევრი ამერიკული ავიაკომპანია დაფრინავს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები