რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროპარლამენტი EU-ს მოუწოდებს უკრაინას გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

GETTY IMAGES

ევროპარლამენტი რეზოლუციის პროექტით გამოთქვამს საკუთარ მხარდაჭერას უკრაინისთვის ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური კანდიდატობის მინიჭებისადმი.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტში თანხმდება ყველა პოლიტიკური ჯგუფი. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, უკრაინას ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიანიჭონ. 

პროექტის მოწოდებასთან დაკავშირებული ხმის მიცემა სამშაბათს, 1-ელ მარტს ჩატარდება. რადგან პროექტს თავიდანვე ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა, ის გატარდება კიდეც. 

28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს.

აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა, რომ დროთა განმავლობაში უკრაინა ევროკავშირის ნაწილი ხდება და მათი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ სურვილი გამოთქვა.

26 თებერვალს კი პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს. მისი თქმით, ქვეყანას დაუყონებლივ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, წევრობაზე მოლაპარაკებები კი, ამის შემდეგ სასწრაფოდ დაიწყოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები