რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი რუსულ გემებს თავის პორტებში აღარ შეუშვებს

დიდი ბრიტანეთი არცერთ რუსულ გემს ქვეყნის პორტებში შესვლის უფლებას აღარ მისცემს. ამის შესახებ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, გრანტ შაპსმა განაცხადა, მიზეზად კი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესია დაასახელა. 

"გავაფრთხილეთ რუსეთის ლიდერები, რომ უკრაინაზე თავდასხმას სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა. საზღვაო სექტორი საერთაშორისო ვაჭრობისთვის უმნიშვნელოვანესია და ჩვენ უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი იმისთვის, რომ შევზღუდოთ რუსეთის შესაძლებლობები. სწორედ ამ გარემოებებდიან გამომდინარე, ტრანსპორტის სამინისტრო მიზანშეწონილად არ მიიჩნევს რუსული გემების ჩვენი ქვეყნის პორტებში შემოსვლას. ამ მომენტიდან, ჩვენ მოვუწოდებთ ბრიტანულ პორტებს, რომ არ დაუშვან რუსული დროშის ქვეშ მოცურავე, რუსული რეგისტრაციის მქონე ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი გემები. დამატებით დეტალებს კი მალე მოგახსენებთ". - აცხადებს დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები