რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დავითაშვილი რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვაზე: სიტუაციას ვაკვირდებით

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა "სიტუაციას აკვირდება". მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად მეგობარ მეზობელ ქვეყნებთან კონსულტაციაა საჭირო. 

"იცით, რომ არ გვაქვს საჰაერო მიმოსვლა, არც სახმელეთო მიმოსვლა რუსეთთან და ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ საქართველოს გავლით ტრანზიტზე. როცა დაკეტილია მთლიანად ევროპის მიმართულებები, ჩვენს მეზობელ ქვეყნებისთვის შეიძლება საქართველოს გავლით ფრენა იყოს ერთადერთი გზა კავშირისა რუსეთთან. ჰუმანიტარულ ნაწილში ვამბობ, ეკონომიკა რომ გადავდოთ ისევ. მათ შორისაა საქართველოს მოქალაქეები, მილიონამდე ადამიანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობს, იყენებს ერთადერთ სატრანზიტო გზას საქართველოში შემოსვლის, იმიტომ რომ პირდაპირი კავშირი არ გვაქვს. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ შედარებით ფრთხილი ვართ, ამ საკითხზე, მათ შორის, ჩვენი რეგიონის მეზობელ ქვეყნებთან გარკვეული კონსულტაციების შემდეგ ვიმსჯელებთ".- ამბობს ლევან დავითაშვილი. 

რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ - საბერძნეთი, იტალია, ფინეთი, შვედეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, დანია, გერმანია, ჩეხეთი, ავსტრია, სლოვენია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, ისლანდია, საფრანგეთი, კანადა და ესპანეთი. 

საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება. რატომ არ იკეტება საქართველოს ცა? - ამ კითხვით ტაბულამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა. უწყებაში ამ დრომდე არკვევენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები