რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ბირთვულ მზადყოფნაზე: პუტინი საფრთხეებს იგონებს, რომ აგრესია გაამართლოს, მისი პატერნია

ჯენ ფსაკი

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენიფერ ფსაკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთს სამხედრო კონფლიქტებში ერთგვარი პატერნი აქვს, მოიგონოს არარსებული საფრთხეები, რათა გაამართლოს შემდგომი აგრესია. სწორედ ამ პატერნის ნაწილად ხედავს ფსაკი NATO-ს მაღალჩინოსნების მხრიდან რუსეთის მიმართ "აგრესიული რიტორიკის" მომიზეზებით, პუტინის მიერ გაცემულ დავალებას, გადაეყვანათ ბირთვული შემაკავებელი ძალები განსაკუთრებულ რეჟიმზე. 

"სწორედ ამ პრიზმიდან უნდა შეხედოს საერთაშორისო საზოგადოებამ და ამერიკელმა ხალხმა ამ ამბავს". – ამბობს CNN-თან თეთრი სახლის პრესსპიკერი, – "რუსეთს არცერთ ეტაპზე არ დამუქრებია NATO-სგან საფრთხე". 

პუტინის ბრძანებას უპასუხისმგებლო ქცევად აფასებს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ამბობს, რომ პუტინის ნაბიჯი ვითარების სერიოზულობას ამწვავებს. 

"ეს სახიფათო რიტორიკაა" – განაცხადა სტოლტენბერგმა, – "განსაკუთრებით, თუ ამ რიტორიკას ადგილზე მათ ქმედებებთან ბმაში განვიხილავთ". 

ვლადიმირ პუტინმა ბირთვული შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის დავალება თავდაცვის სამინისტროს 27 თებერვალს მისცა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, გადაწყვეტილება NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერების მხრიდან აგრესიული ანტი-რუსული რიტორიკის საპასუხოდ მიიღო.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები