რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: კიევში 9 სამოქალაქო პირი დაიღუპა, დაჭრილია – 47

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ დედაქალაქში 9 სამოქალაქო და 18 სამხედრო პირი დაიღუპა. დაღუპულებს შორის ერთი ბავშვია. დაჭრილია 106 ადამიანი, მათ შორის, 47 სამოქალაქო პირი. დაჭრილებს შორის სამი ბავშვია.

კლიჩკოს ცნობით, დედაქალაქში რუსეთის სამხედრო ნაწილები არ არიან, მაგრამ სამართალდამცველები და ანტიტერორისტული რაზმის წევრები ავლენენ და ანეიტრალებენ დივერსანტებს.

"კიევი აგრძელებს თავდაცვას. რუსეთის ჯარები დედაქალაქში არ არის, მაგრამ ჩვენი სამხედროები, სამართალდამცველები და ანტიტერორისტული რაზმის წევრები ავლენენ და ანეიტრალებენ დივერსანტებს. ღამე იყო შეტაკებები და სროლა. განადგურებულია დივერსანტთა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი." - თქვა კლიჩკომ.

უკრაინის დედაქალაქში კომენდანტის საათი 28 თებერვლის დილამდე მოქმედებს. ქალაქის მერმა მოსახლეობას მოუწოდა, არ გავიდნენ ქუჩებში. სახლი მხოლოდ მაშინ დატოვონ, როცა ისმის საჰაერო განგაშის ხმა და საჭიროა თავშესაფარში მისვლა.

"რუსეთი ესვრის უკრაინის დედაქალაქის საცხოვრებელ კვარტლებს. რუსეთი კლავს უკრაინელებს მთელ უკრაინაში" - თქვა კლიჩკომ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები